ბრიტანეთის მუზეუმი (ლონდონი)


ბრიტანეთის მუზეუმი ლონდონში,ადამიანის ისტორიისა და კულტურის ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მუზეუმია. მსოფლიოს უძველესი მუზეუმი დაარსდა 1753 წელს და ძირითადად შედგებოდა მეცნიერ-ფიზიკოსი სერ ჰანს სლოანის კოლექციისგან. მუზეუმი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1759 წლის 15 იანვარს მონტეგი-ჰაუზში, ამჟამინდელი მუზეუმის შენობის ადგილას.

ბრიტანეთის მუზეუმში ინახება შვიდ მილიონზე მეტი ობიექტი, რომელიც დოკუმენტური ნივთმტკიცებაა ადამიანთა მოდგმის კულტურის ისტორიისა მისი დასაბამიდან დღემდე. ნიმუშთა დიდი ნაწილი მიწისქვეშა საცავში ინახება გამოსაფენი ადგილის უკმარისობის გამო.

ბრიტანეთის მუზეუმში, ისევე როგორც ლონდონის სხვა გალერიებში, შესვლა უფასოა. თუმცა ზოგიერთი სპეციალური დროებითი გამოფენები ფასიანია.

ეროვნული სამხატვრო გალერეა (სოფია)


ეროვნული სამხატვრო გალერეა (სოფია), ბულგარეთის უდიდესი სამხატვრო მუზეუმი. დაარსდა 1948 წელს სახალხო არქეოლოგიური მუზეუმის, სოფიის საქალაქო გალერეის, სახალხო განათლების სამინისტროსა და ბულგარეთის სახალხო ბანკის კოლექციათა ბაზაზე.

ლუვრის მუზეუმი (პარიზი)

ლუვრის მუზეუმი პარიზში, საფრანგეთი, უდიდესი და ყველაზე განთქმული მუზეუმია მსოფლიოში, რომელსაც 7,3 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავდა 2005 წელს. შენობა, ყოფილი სამეფო სასახლე, პარიზის ცენტრში მდებარეობს. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1793 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს

ეგვიპტის მუზეუმი (კაირო)


ეგვიპტური ანტიკურობის მუზეუმი, ან შემოკლებით ეგვიპტის მუზეუმი კაიროში, ფარაონთა პერიოდის ანტიკური ნიმუშების უდიდესი და უმნიშვნელოვანესი კოლექციაა მსოფლიოში. მუზეუმის კოლექციაში არსებული ასობით ათასი ხელოვნების ნიმუშისა თუ საყოფაცხოვრებო ნივთიდან გამოფენილი მხოლოდ 136.000 საგანია.

მუზეუმის წინამორბედი ეგვიპტის მთავრობის მიერ 1835 წელს დაფუძნდა, როგორც ეგვიპტური ანტიკური ნიმუშების სამსახური, რათა შეეზღუდათ უძველესი ისტორიული ნივთების ძარცვა არქეოლოგიური გათხრების ადგილებიდან. თავად მუზეუმი გაიხსნა 1858 წელს ფრანგი არქეოლოგი აუგუსტ მარიეტის მიერ შეგროვებული კოლექციით. კოლექცია 1880 წლიდან ისმაილ ფაშას სასახლის ფლიგელში იყო გამოფენილი, 1900 წლიდან კი მუზეუმის ამჟამინდელ ნეოკლასიკური სტილის შენობაში გადმოვიდა თაჰრირის მოედანზე, ქაიროს ცენტრში.

კოლექციის მთავარი ნაწილია ფარაონი ტუტანხამონის სამარხიდან გამოტანილი ნიმუშები. ეს სამარხი თითქმის ხელუხლებად იპოვა ჰოვარდ კარტერმა მეფეთა ხეობაში 1922 წელს.

მუზეუმის სამეფო მუმიათა ოთახი, რომელშიც ფარაონთა ეპოქის 27 სამეფო მუმია ინახება, პრეზიდენტ ანვარ სადათის ბრძანებით 1981 წელს დახურულ იქნა. 1985 წელს ოთახი ისევ გაიხსნა ოდნავ სახეცვლილი ფორმით, თუმცა მუმიათა უმრავლესობას ფარდა აქვს აფარებული.

ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმი


ხელოვნების ისტორიის მუზეუმი ვენაში, ავსტრია, რინგშტრასეზე მდებარეობს და ერთ-ერთი წამყვანი სახვითი და დეკორატიული ხელოვნების მუზეუმია მსოფლიოში.

მუზეუმი გახსნა 1891 წელს ბუნების ისტორიის მუზეუმთან ერთად ავსტრო-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის მიერ. ორივე მუზეუმს იდენტური ფასადი აქვს და ერთმანეთს უყურებს მარია-ტერეზიენ-პლაცზე. ორივე შენობა აიგო 1872-91 წლებში გოტფრიდ სემპერისა და კარლ ფრაიჰერ ფონ ჰაზენაუერის პროექტით.

რინგშტრასეზე მდებარე ორივე მუზეუმი იმპერატორის ხაზინიდან დაფინანსდა ჰაბსბურგის ვრცელი კოლექციის საზოგადოებისთვის გამოფენის მიზნით. შენობების ფასადები ქვიშანარევი ქვით არის მოპირკეთებული. შენობები მართკუთხა ფორმისაა და თავზე 60 მეტრი სიმაღლის ოქტაგონალური გუმბათი ადგას. შენობების ინტერიერი მოპირკეთებულია მარმარილოთი, ოქროთი მოვარაყებული და მოხატულია, რაც შენობებს თავად ხელოვნების მინუშად ხდის.

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი)


მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი - მეტი, მსოფლიოს უდიდესი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელოვნების მუზეუმთაგანია, მდებარეობს მანჰეტენზე ცენტრალური პარკის დასავლეთ კუთხეში, ნიუ-იორკი, აშშ. მასში შუასაუკუნეების ხელოვნებაა განთავსებული.

მუზეუმი გაიხნა 1872 წლის 20 თებერვალს. მისი დამფუძნებელი იყო გამომცემელი ჯორჯ პალმერ პატნემი. მუზეუმის ამჟამინდელი (2005) დირექტორია ფილიპ დე მონტებელო.

მუზეუმის მასიური კოლექცია მოიცავს კლასიკურ ანტიკურ ნივთებს ბერძნულ და კვიპროსის გალერეებში და ასევე თითქმის ყველა ევროპელ ხელოვანსა და ამერიკული ხელოვნების ვრცელ კოლექციას. მუზეუმი ფლობს ასევე ეგვიპტური, აფრიკული, აზიური, ოკეანიის, ახლო აღმოსავლეთის, ბიზანტიისა და ისლამური ხელოვნების ნიმუშებს. აქვე არის ცნობილი ისტორიული ინტერიერების რეპროდუქციები, იარაღისა და საჭურჭლეველის განყოფილებაში თავმოყრილია ანტიკური იარაღის ნიმუშები მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებით კი ევროპიდან, იაპონიიდან, ახლო-აღმოსავლეთიდან და ამერიკიდან.

1969 წელს ბანკირი რობერტ ლემანის გარდაცვალების შემდეგ მისი ანდერძით მუზეუმმა მიიღო დაახლოებით 3.000 ხელოვნების მინუში, რომელიც გამოფენილია “რობერტ ლემანის ფრთაში” და ითვლება ყველაზე ექსტრაორდინალურ კერძო კოლექციად, რომელიც კი ოდესმე შეუგროვებიათ აშშ-ში. პრინსტონის უნივერსიტეტის გამოცემამ შეაგროვა ამ მასიური კოლექციის დოკუმენტაცია და გამოუშვა მრავალტომიან წიგნად “რობერტ ლემანის კოლექციის კატალოგები”.

მეტის ერთ-ერთი უახლესი და ყველაზე ძვირი შენაძენია დუჩის “მადონა ყრმით”, რომელიც მას $45 მილიონი დაუჯდა. ფერწერული ტილო ზომით მხოლოდ 8x11 დიუმია.

ერმიტაჟი (სანკტ-პეტერბურგი)


ერმიტაჟის მუზეუმი (ფრანგ. "განმარტოების ადგილი") - პეტერბურგში, რუსეთი, ერთ-ერთი უდიდესი, უძველესი და უმნიშვნელოვანესი ხელოვნების გალერეა მსოფლიოში. ერმიტაჟის ვრცელი კოლექციები გამოფენილია ექვს ძირითად შენობაში; მათგან მთავარი ზამთრის სასახლეა, რომელიც უწინ რუსეთის მეფეთა ოფიციალური რეზიდენცია გახლდათ.

ერმიტაჟის კოლექციებიდან უმნიშვნელოვანესია მიქელანჯელოს, ლეონარდოს, რუბენსის, ვან-დეიკის, რემბრანდტის, პუსენის, კლოდ ლორენის, ვატოს, ტიეპოლოს, კანალეტოს, კანოვას, როდენის, მონეს, პისაროს, რენუარის, სეზანის, ვან-გოგის, გოგენის, პიკასოსა და მატისის ნამუშევრები. თუმცა აქ სანახავი გაცილებით მეტია - მათ შორის რუსეთის იმპერიის რეგალია, ფაბერჟეს სამკაულების საუცხოო კოლექცია და შთამბეჭდავი უძველესი ოქროს ნაკეთობათა ნიმუშები.